კარიერაკარიერა ხშირი კითხვებიხშირი კითხვები

პაციენტებისათვის » როგორ ამოვიცნოთ ავიტამინოზი?

მიუხედავად იმისა, რომ მზიანმა ამინდებმა და გაზაფხულის დადგომამ ხალისი და ძალთა მოზღვავება უნდა გაგრძნობინოთ, მოთენთილობასა და სისუსტეს გრძნობთ. ვერც გაციებასა და სურდოს დააღწიეთ თავი კარგა ხანს?
თავის ტკივილიც ხშირად გაწუხებთ? შესაძლოა, ეს გაზაფხულის ავიტამინოზის ბრალი იყოს.
ნუ გაგიკვირდებათ, რომ ასე იყოს; მაშინაც კი, თუ მთელი ზამთრის განმავლობაში რაციონი არ შეგიცვლიათ და საკმაოდ ხშირად მიირთმევდით ხილ-ბოსტნეულს. 

საქმე ის არის, რომ ზამთარში ხილ-ბოსტნეული უმეტესად სათბურში მოყვანილი იყიდება. მათში კი ვიტამინები და მიკროელემენტები ბევრად ნაკლებია. გარდა ამისა, ვიტამინების აუცილებელი დღიური ნორმის შესავსებად საჭიროა დღეში 2 კილოგრამი ხილი ან ბოსტნეული მიირთვათ.

მაშ, როგორ ამოვიცნოთ ავიტამინოზი?

უპირველეს ყოვლისა, გაითვალისწინეთ, რომ ავიტამინოზი ვიტამინების უკმარისობით გამოწვეული პათოლოგიური მდგომარეობაა. ზოგჯერ ის ვიტამინების სრული არარსებობით არის გამოწვეული, მაგრამ ამ შემთხვევაში შედეგი ლეტალურია და თანამედროვე ცივილიზებულ საზოგადოებაში ამგვარი ფაქტი, საბედნიეროდ, თითქმის არ ფიქსირდება. 

სეზონური ავიტამინოზი კი, რომელიც განსაკუთრებით ადრეულ გაზაფხულზე ხშირი გაციებებით, საერთო სისუსტითა და გაღიზიანებით გამოიხატება, საკმაოდ ხშირია.

ორგანიზმში ვიტამინების ნაკლებობის განსაზღვრა დამოუკიდებლადაც შეგიძლიათ. ამისთვის ქვემოთ ჩამოთვლილ შეკითხვებს უპასუხეთ ”დიახ” ან ”არა”:

ჩვეულებრივზე ხშირად ცივდებით?

მსუბუქი გაციება ხშირად გირთულდებათ?

დეპრესია ცხოვრების ნორმად გექცათ?

ხშირად ღიზიანდებით და მთელ რისხვას ახლობლებს ატეხთ თავს?

ხშირად იღლებით და საქმეს ვეღარ ამთავრებთ?

ყურადღება გეფანტებათ და მნიშვნელოვანი რამეები გავიწყდებათ?

კბილების წმენდისას ღრძილებიდან სისხლდენას ამჩნევთ?

კანი გამოგიშრათ, თმა მტვრევადი გაგიხდათ და ფრჩხილები გექერცლებათ?

ქრონიკული დაავადებები გაგიმწვავდათ?

თუ ამ შეკითხვებიდან ორს მაინც უპასუხეთ დადებითად, ესე იგი, ავიტამინოზის სიმპტომები სახეზეა და კონსულტაციისთვის აუცილებლად მიმართეთ ექიმს. რაც მთავარია, შეეცადეთ, ბუნებრივ პირობებში მოწეული ხილ-ბოსტნეულით იკვებოთ. 

მთავარი  -   ჩვენ შესახებ  -   ჩვენი კლინიკები  -   მედია ცენტრი  -   პაციენტებისათვის   -   კონტაქტი  
Facebook
© 2011 - 2024 "არქიმედეს კლინიკა" - ყველა უფლება დაცულია
Artmedia